
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე რუსეთში წერილს გზავნის, სადაც საუბარია საეკლესიო კანონიკის უხეშად დარღვევაზე.
მეუფე გერასიმე აცხადებს, რომ ცხინვალ საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და იქ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის მიერ წირვის ჩატარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე, მიუღებელია.
მეუფე გერასიმე მოუწოდებს რუსეთს გამოიკვლიონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ მკაცრი ზომები.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიისსასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.
ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება - ნათქვამია მეუფე გერასიმეს წერილში
მასალის გამოყენების პირობები
