
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს განიხილავს. უახლოეს მომავალში ამ რეზოლუციაზე კენჭისყრაც ჩატარდება და გამომდინარე იქიდან, რომ პალატაში უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ და ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს რესპუბლიკელებიც უჭერენ, სავარაუდოდ წარმომადგენელთა პალატას რეზოლუციის მიღება არ გაუჭირდება.
თუ წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტს დაამტკიცებს, ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტი პალატაში ორჯერ მოხდა.
კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება პროცესის გაგრძელება რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში, რომელმაც მომხდარი უნდა განიხილოს და საბოლოო განაჩენი გამოიტანოს. იმპიჩმენტს 67 სენატორის ხმა სჭირდება. დიდი ალბათობით, ეს პრეზიდენტის ოფისში ყოფნის პერიოდში არ მოხდება. სენატში 20 იანვრამდე უმრავლესობას რესპუბლიკელები ინარჩუნებენ.
მიუხედავად ამისა, დემოკრატები პროცესის გაგრძელებას მაინც აპირებენ, რადგან სენატს უფლება აქვს დონალდ ტრამპს ყველანაირი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალოს. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 2024 წელსაც აპირებს.
დემოკრატებმა კვირის დასაწყისში ჯერ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შესთავაზეს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორება აემოქმედებინა. შესწორება შეერთებული შტატების კონსტიტუციაში პრეზიდენტ რობერტ კენედის მოკვლის შემდეგ შეიტანეს. ის კაბინეტს უფლებას აძლევს პრეზიდენტი გამოაცხადოს "უუნაროდ, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები". ასეთ დროს პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი გადაიბარებს.
პენსმა 25-ე შესწორების ამოქმედებაზე უარი თქვა.
"არ მგონია, რომ მოქმედების ასეთი მიმართულება ან ჩვენი ერის უმაღლეს ინტერესებში, ან ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყოს," - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა მაიპ პენსმა სამშაბათს საღამოს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი მიწერილ წერილში.
ვიცე-პრეზიდენტის მიერ მიწერილი წერილის მიუხედავად, რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატაში კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. სამშაბათს საღამოს, მას 223-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, 205-ის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები
