
პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობასა და ძალადობის წახალისებას, ასევე კანონგარეშე თავის გამოცხადებას, დასავლეთშიც ექნებოდა იგივე პასუხი, რაც ჰქონდა საქართველოში - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გამოწვეულ მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებებას.
„თუ ვინმე კანონზე მაღლა აყენებს თავს, რა თქმა უნდა, ის ცდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.
"თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.
დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება უკვე საშუალება, იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობას ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს აკისრებს:
„დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი ისევ შეიყვანა ჩიხში, სწორედ ამიტომ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, და რომელსაც აქვს პრეტენზია, მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რადგან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე არ არსებობს. შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება მათი მონაწილეობა საპარლამენტო პროცესში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები
