
ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია იმედის ეთერში იმ სატელეფონო ჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც ტვ პირველის ეთერში ანონსის სახით გავიდა და რომელშიც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა პირების დასჯაზე, მათ შორის არასრულწლოვანის ფიზიკურად გასწორებაზე საუბრობენ.
სუბარის თქმით, ცივილიზებულ ქვეყნებში სასამართლოს შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც გარკვეულ სიუჟეტებს დაბლოკავს ტელევიზიაში და ჩვენი ქვეყანაც ამ გზით უნდა წავიდეს:
"ცივილიზებულ ქვეყანაში, და მე მგონი, ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას. მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას.
უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი ფაბრიკაცია, დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა. როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების წინააღმდეგ შანტაჟისთვის.
ამის ნათელი გამოვლინებაა ახლა რაც ახლა ხდება - მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი, სააკაშვილის ხელწერაა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, გამოჩნდა იქიდან, რომ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გააზიარა. აქედან ჩანს, რომ სწორედ მისგან მოდის", - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები
